მთვარე
მთვარე — დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი. მზის სისტემის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრი, და უდიდესი თანამგზავრებს შორის ზომის შეფარდებით იმ პლანეტასთან, რომლის გარშემოც ისინი ბრუნავენ. აგრეთვე, დღეს ცნობილი თანამგზავრების სიმკვრივეებს შორის, ის ამ მაჩვენებლით მეორეა (იუპიტერის თანამგზავრ იოს შემდეგ). მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა”-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 000კმ-ია. პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ-ია.
მთვარე ბნელი და ცივი, „ბრმა“ ციური სხეულია, რომელიც მზისგან არეკლილი სინათლით ანათებს, იგი მზიდან გამოსხივებული სინათლის მხოლოდ 7%-ს ირეკლავს.
პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „ლუნა 2“ (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „ლუნა 3“-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11“ (აშშ, 1969).